ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

Untitled-2-01-01

მოგესალმებით,
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრი წარმოადგენს საქართველოში დერმატო-ვენეროლოგიური და კოსმეტოლოგიური სამსახურის უძველეს და ძირითად კერას როგორც პაციენტთა მომსახურების თვალსაზრისით, ასევე სასწავლო და სამეცნიერო მოღვაწეობით. იგი თანაშრომლობს და აერთიანებს ამიერკავკასიის რეგიონში არსებულ პროფილურ წამყვან დაწესებულებებს.
უდიდესი პატივია იმის აღნიშვნა, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა სამედიცინო კლინიკებსა და კვლევით ცენტრებს შორის ჩვენი დაწესებულება იმ იშვიათთაგანია, რომელმაც, მიუხედავად ქვეყანაში გატარებული მრავალი რეფორმისა, მაინც შეინარჩუნა დარგის ლიდერის სტატუსი. მარტო ის რად ღირს, რომ უახლოეს პერიოდში, 2020 წელს, ჩვენ აღვნიშნავთ დაარსების 85 წლის იუბილეს, და გვსურს, რომ ამ თარიღს კიდევ უფრო წარმატებულნი და განვითარებულნი შევხვდეთ. 85 წელი არც ისე ცოტაა დამკვიდრების, პროფესიული იდეების განხორციელების და ტრადიციების შექმნისათვის, მაგრამ არც ისე ბევრია, რომ ავტორიტეტი და ლიდერის სტატუსი მოიპოვო.
რა არის ის რითაც ჩვენ ვამაყობთ? ეს არის :

    • მრავალწლიანი გამოცდილება დერმატო-ვენეროლოგიურ პაციენტთა მართვაში
    • ტრადიციებზე დაფუძნებული თანამედროვე მიდგომები დერმატო-ვენეროლოგიურ პაციენტთა დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში
    • მაღალკვალიფიციურ დერმატო-ვენეროლოგთა მთელი პლეადა
    • მუდმივი სწრაფვა განახლებისა და სიახლეების დანერგვისკენ
    • ევროპისა და ამერიკის ქვეყნების პროფილურ დაწესებულებათა მომსახურების დონესთან გათანაბრება.

სიამაყის ობიექტურ საფუძველს კი იძლევა გამოჯანმრთელებულ პაციენტთა მაღალი პროცენტი და დერმატოლოგიურ, დერმატო-კოსმეტოლოგიურ, დერმატო-ქირურგიულ და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით დაავადებულ პაციენტთა მომართვიანობის ყოველწლიური ზრდა ჩვენს დაწესებულებაში.
რა თქმა უნდა, ყოველივე ამის მიღწევას დრო და თაობები დასჭირდა, მაგრამ ის გუნდი, რომელიც ჩემს გვერდით შრომობს და დგას თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში, ყოველთვის მზად იქნება, რომ „კანვენის“ კლინიკამ შეინარჩუნოს ის მაღალი თიმასა, რომელზედაც ამ ეტაპზე ჩვენ ვიმყოფებით.
მინდა გაცნობოთ, რომ კლინიკაში თქვენ დაგხვდებათ ყველა ის სამედიცინო და ლაბორატორიული მომსახურება, რომელიც პროფილურია ჩვენი დარგისთვის (მომსახურება ერთ სივრცეში) თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობით და სხვადასხვა სამკურნალო და სადიაგნოსტიკო აპარატურით, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო გაიდლაინებს. და, რაც მთავარია, ამ სერვისებში თქვენ მოგემსახურებიან ჭეშმარიტად მაღალკვალიფიციური პროფესიონალ ექიმთა გუნდი, რომლებმაც განათლება მიიღეს როგორც ჩვენი კლინიკის ბაზაზე, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან კლინიკებში (მოკლევადიანი /გრძელვადიანი სწავლების სახით).
სიამოვნებით მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ჩვენი კლინიკა წარმოადგენს უდიდეს სასწავლო ბაზას საქართველოში. დერმატო-ვენეროლოგიის საფუძვლებს ეუფლებიან ჩვენს ქვეყანაში არსებული თითქმის ყველა უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტები, და ასევე ჩვენ ვართ დერმატო-ვენეროლოგიაში უდიდესი დიპლომისშემდგომი ბაზა საქართველოში.
სამეცნიერო საქმიანობა ასევე ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენი კლინიკისთვის. წლების განმავლობაში მოპოვებული გვაქვს არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი გრანტი და პროგრამა, რამაც საშუალება მოგვცა გაზრდილიყო ჩვენი ცნობადობა საერთაშორისო ასპარეზზე.
მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა და წარმატებები როგორც პირად, ასევე პროფესიულ საქმიანობაში.

პატივისცემით , კლინიკის დირექტორი პროფესორი გიორგი გალდავა