კლინიკის ისტორია
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (ამჟამად ეროვნული ცენტრი) დაარსდა 1935 წლის 3 ნოემბერს.
საქართველოში დერმატო-ვენეროლოგიური სამსახური სათავეს იღებს XX ს.დასაწყისიდან, კერძოდ, 1906 წლის 15 სექტემბერს თბილისის გუბერნატორის ბრძანებითა და ნებართვით დაარსდა საქართველოში პირველი სპეციალიზებული კანის,ვენერული და სიფილისური დაავადებების სამკურნალო დაწესებულება, სადაც მუშაობდნენ საქართველოში პირველი დერმატო-ვენეროლოგები ი.მ. ზაბლუდოვსკი და გ.ა გედალინი. მოგვიანებით, საქართველოს რესპუბლიკის დაარსების შემდეგ გაიხსნა თბილისის ე. წ. სიფილისური საავადმყოფო ქალებისათვის.
1922 წელს ჯანდაცვის სახელმწიფო კომისარიატში შეიქმნა ე. წ. ვენსექცია, რომელსაც დაევალა ვენერულ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაციულ-მეთოდური ხელმძღვანელობა.1928 წელს გ.ფხალაძის, ა.დიასამიძის, ი.გულაძის, ა.ჯავრიშვილის, მ.ბერიძის,ი.ლორთქიფანიძის ინიციატივით, იმ დროისათვის უკვე შექმნილ, ე. წ. საჩვენებელვენდისპანსერს კანისა და ვენსნეულებათა ინსტიტუტის ფუნქცია დაეკისრა, რომლის მოღვაწეობის არეალი მხოლოდ თბილისით შემოიფარგლებოდა.
1935 წლის 3 ნოემბერს საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს გადაწყვეტილებით,თბილისის ინსტიტუტისა და საჩვენებელი დისპანსერის ბაზაზე ჩამოყალიბდა კანისა დავენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.ინსტიტუტს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ: ვ.ბურგსდორფი, პ.ბუაჩიძე,ვ.იაშვილი, ი.თოფურიძე, პროფესორი ი.შველიძე, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ს.მაჭავარიანი, აკადემიკოსი ლ.შეწირული (1970-89 წწ), მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ბ.ჩლაიძე (1989-2004 წწ), ხოლო 2004 წლიდან 2012 წლამდე(რეორგანიზაციამდე) ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა პროფესორი გ. გალდავა.
2011 წლის აპრილში, საქართველოში დერმატო-ვენეროლოგიური სამსახურის ოპტიმიზაციის მიზნით „კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს” შეუერთდა „ქ.თბილისის კანისა და ვენსნეულებათა კლინიკური დისპანსერი”. 2012 წლის 26 სექტემბერს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად „კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ სამართალმემკვიდრე გახდა შპს „კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრი”, რომელიც ამჟამად მდებარეობს ლუბლიანას ქ. N5-ში (დიღომი, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობა).
2013 წლიდან კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევით ეროვნულ ცენტრს ხელმძღვანელობენ: გენერალური დირექტორი, პროფესორი გიორგი გალდავა, აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ გოგოხია, დირექტორი სამეცნიერო-სასწავლო დარგში პროფესორი თინა ქიტუაშვილი.
ინსტიტუტში მოღვაწეობდნენ ცნობილი მეცნიერები: გ.ფხალაძე, ა.ვართაპეტოვი, პ.მგალობლიშვილი, ა.ცინცაძე, ი.ხათრიძე, პ.ფოჩხუა, ზ.ხუსკივაძე, ი.ჩოხელი, გ.მგელაძე, ი.გაბიჩვაძე, შ.ჟურული, ზ.სიმონიანი, მ.ჩხიკვიშვილი, გ.სტურუა, ვ.კოტარია, ა.ბოხუა, ნ.გოგოლაშვილი, დ.ჭოჭუა, რ.ჩუბინიძე, გ.კაციტაძე, ლ.ქუშაშვილი, ლ.ტყეშელაშვილი, კ.ტონია, ქ.შველიძე, ე.გამსახურდია, ტ.ვართაპეტოვა და სხვ. დაარსების დღიდანვე ინსტიტუტი იყო საქართველოში დერმატო-ვენეროლოგიის დარგში სასწავლო-სამეცნიერო და ორგანიზაციულ-მეთოდური ცენტრი, აგრეთვე ერთადერთი პროფილური სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დაწესებულება ამიერკავკასიაში.
საკავშირო სამედიცინო აკადემიის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, ინსტიტუტი მიჩნეული იყო სათავო დაწესებულებად დერმატო-კურორტოლოგიის დარგში და ხელმძღვანელობდა პრობლემას: დერმატოზებით დაავადებულთა ფიზიო- და საკურორტო თერაპიის პრინციპებისა და მეთოდების შემუშავება.
ინსტიტუტში იყო არაგონორეულ დაავადებათა შემსწავლელი სამეცნიერო ლაბორატორია, რომელიც პირველი და ერთადერთი იყო წლების მანძილზე საბჭოთა კავშირში. დერმატოლოგიურ განყოფილებაში სხვა მნიშვნელოვან პრობლემებთან ერთად შეისწავლებოდა: ფსორიაზი, ალერგოდერმატოზები, პროფესიული დერმატოზები, კანის ლიმფომები. ტარდებოდა მიკოლოგიური კვლევები (რომელთაც ფართოდ გაუთქვეს სახელი ქართულ მიკოლოგიურ სკოლას); ალერგოიმუნოლოგიის ლაბორატორიაში შესრულებულია მნიშვნელოვანი შრომები. ინსტიტუტის სამეცნიერო მუშაობაში წამყვანი ადგილი ენიჭებოდა აქტუალურ მიმართულებას – ეპიდემიოლოგიურ კვლევას, დაავადებათა ადრეულ გამოვლინებას და პირველადი პრევენციის სრულყოფას. ინსტიტუტი სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკის ფედერალური პროგრამის კოორდინატორი იყო, აგრეთვე დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის ახალი მეთოდების და დახმარების ახალი ფორმების ინიციატორი (გაიხსნა ანონიმური მიღების კაბინეტები, ანდროლოგიური განყოფილება)
2004 წლის შემდეგ დირექტორის გ.გალდავასა და მისი მოადგილეების – კლინიკურ დარგში ვ.გოგოხიას და სასწავლო-სამეცნიერო დარგში პროფესორ თ. ქიტუაშვილის ერთობლივი და დაუღალავი შრომით მოხდა დერმატო-ვენეროლოგიის განვითარება-აღორძინება საქართველოში და მისი დაახლოება თანამედროვე მსოფლიო სტანდარტებთან. მდიდარ ტრადიციებზე დაყრდნობით მაღალკვალიფიციური დერმატო-ვენეროლოგების მთელი პლეადა კანის დაავადებათა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დიაგნოსტიკას და მკურნალობას ახორციელებს უახლესი, მსოფლიოში აპრობირებული მეთოდებითა და სტანდარტებით.
ინსტიტუტის/ეროვნული ცენტრის სამეცნიერო მიღწევები ასახულია სამეცნიერო შრომების კრებულთა 22 ტომში, საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა სამეცნიერო კონფერენციების მასალებში, სამამულო და საზღვარგარეთის პრესაში, გამოქვეყნებულია 2000-მდე შრომა, აგრეთვე გამოცემულია სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, სამეცნიერო-პოპულარული ბროშურები. ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამართულ სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში (აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, ესტონეთი, ლიტვა,ლატვია, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, ჰოლანდია, ისრაელი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, შვედეთი, ნორვეგია, პორტუგალია, ესპანეთი, ავსტრია, ბელგია, საბერძნეთი, სლოვენია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ტაილანდი, კანადა და სხვ.)
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრი წარმოადგენს ი.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო ბაზას.
XX საუკუნის დასაწყისში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება და მასში სამკურნალო ფაკულტეტის ჩამოყალიბება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო როგორც საქართველოს ისტორიისათვის, ისე საქართველოს მედიცინის ისტორიისათვის. უნივერსიტეტის დამხმარე საზოგადოების წინადადებით 1917 წლის 12 ოქტომბერს ,,ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების’’ მორიგ კრებაზე პირველად დაისვა საკითხი ქართულ უნივერსიტეტთან სამკურნალო ფაკულტეტის დაარსების შესახებ. კრებაზე არჩეულ იქნა კომისია, რომელსაც უნდა დაემუშავებინა სამკურნალო და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტების ჩამოყალიბების პროექტი. კომისია ჩამოყალიბდა შემდეგი შემადგენლობით: პ. მელიქიშვილი (დამსახ. პროფესორი), ალ. ჯავახიშვილი (პრივ. დოცენტი), ექიმები: დიმიტრი ახვლედიანი, ივანე თიკანაძე, მიხეილ წინამძღვრიშვილი, სპირიდონ ვირსალაძე, ვახტანგ ღამბაშიძე, გრიგოლ მუხაძე, ნიკოლოზ მელიქიშვილი, არჩილ ხარაძე.
15 ოქტომბერს შედგა კომისიის პირველი სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და შესაძლო კანდიდატურების საქართველოში მოზიდვის საკითხი. პროექტის უფრო დეტალური დამუშავების მიზნით კომისია საბუნებისმეტყველო და სამკურნალო ფაკულტეტების ქვეკომისიებად დაიყო. საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ქვეკომისიის შემადგენლობაში შევიდნენ: პ.მელიქიშვილი, ალ. ჯავახიშვილი და ა. ხარაძე, ხოლო სამკურნალო ფაკულტეტის ქვეკომისიაში: დიმიტრი ახვლედიანი, ივანე თიკანაძე, მიხეილ წინამძღვრიშვილი, სპირიდონ ვირსალაძე, ვახტანგ ღამბაშიძე, გრიგოლ მუხაძე, ნიკოლოზ მელიქიშვილი, არჩილ ხარაძე.
კომისიამ შეადგინა ფაკულტეტების ჩამოყალიბების პროექტი და ხარჯაღრიცხვა. ორივე ქვეკომისიამ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად საბუნებისმეტყველო და სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტები ერთად მოისმენდნენ ლექციებს ბიოლოგიურ და საბუნებისმეტყველო საგნებში. აქედან გამომდინარე, სამკურნალო ფაკულტეტის ხარჯთაღრიცხვის ორი ძირითადი მუხლი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: სპეციალური სამედიცინო საგნების ჩატარების უზრუნველყოფა და სამკურნალო დაწესებულებების ანუ ფაკულტეტის კლინიკური ბაზების მოწყობა და შენახვა. ხანგრძლივი მსჯელობისა და კამათის შემდეგ ხმის უმრავლესობით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, კომისიის მოხსენების, პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ და ქართული საუნივერსიტეტო საზოგადოების წინაშე აღიძრა შუამდგომლობა, რათა 1918 წლის 1 ოქტომბრისათვის გახსნილიყო სამკურნალო და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტები.
უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა 1918 წლის 26 იანვარს. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში სამკურნალო ფაკულტეტი ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული, პროფესორთა საბჭოს სხდომებზე ამ მიმართულებით მუშაობა მეტად აქტიური იყო.
1918 წლის შემოდგომაზე გაიხსნა საბუნებისმეტყველო და სამკურნალო ფაკულტეტები. პროფესორთა სიმცირის გამო ორივე ფაკულტეტი ერთად იყო და დეკანად არჩეულ იქნა დამსახურებული პროფესორი პეტრე მელიქიშვილი, 1918 წლის 24 ოქტომბერს კი – პროფესორი ვ. მოსეშვილი. ფაკულტეტების დამოუკიდებლად მუშაობის დაწყება შესაძლებელი გახდა 1919 წელს.
1919 წლის 3 მაისს (ოქმი #31) სამკურნალო ფაკულტეტის დეკანად არჩევნების თანახმად დამტკიცებულ იქნა პროფესორი ალექსანდრე ნათიშვილი.
კანისა და ვენერულ სნეულებათა კათედრა კლინიკით დაარსდა 1920 წელს ქალაქის მე-3 საავადმყოფოს ბაზაზე (კამოს ქ. #31). კათედრის გამგედ არჩეულ იქნა პროფესორი გრიგოლ მუხაძე, 1922 წლის დეკემბრიდან კი მედიცინის დოქტორი ივანე ღულაძე. 1924 წლის ოქტომბერში კათედრას კვლავ გრ. მუხაძე ხელმძღვანელობდა, ხოლო 1925 წლის შემოდგომიდან – პროფესორი, მედიცინის დოქტორი ვლადიმერ თედორეს ძე ბურგსდორფი. 1929-30 სასწავლო წლიდან სამკურნალო ფაკულტეტი გამოეყო უნივერსიტეტს და შეიქმნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე 1994 წელს აღსდგა მედიცინის ფაკულტეტი, რომელზეც იკითხებოდა დერმატო-ვენეროლოგიის ციკლი. ციკლის სასწავლო ბაზად შეირჩა კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. სხვადასხვა წლებში ციკლს ხელმძღვანელობდნენ მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატები ლალი ხოტენაშვილი, ბადრი ჩლაიძე და გიორგი გალდავა, ხოლო სასწავლო პროცესში მონაწილეობდნენ თამარ ვარდოსანიძე, რუსუდან ბუნტური და ვახტანგ კვირკველია.
2006 წლიდან ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნა დერმატო-ვენეროლოგიის კათედრა, რომელსაც ამავე წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს პროფესორი გიორგი გალდავა. ამჟამად დერმატო-ვენეროლოგიის კათედრაზე მოღვაწეობს ორი აკადემიური პერსონალი (სრული პროფესორი გიორგი გალდავა და ასოცირებული პროფესორი თინა ქიტუაშვილი) და ორი მოწვეული პედაგოგი (მედიცინის დოქტორი მანანა სულაბერიძე და თამარ დარჯანია). კათედრის თანამშრომლები დერმატო-ვენეროლოგიაში საბაკავრო პროგრამას ახორციელებენ ქართულ და ინგლისურ ენებზე. კათედრის ბაზაზე დერმატო-ვენეროლოგიაში რეზიდენტურის პროგრამას გადის 12 რეზიდენტი, ხოლო სამეცნიერო კვლევებს აწარმოებს 6 დოქტორანტი.
ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრი წარმოადგენს დ. ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის და სხვა მრავალი უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების სასწავლო ბაზას დერმატო-ვენეროლოგიაში.
ცენტრში აქტიურად მიმდინარეობს მომავალი თაობის აღზრდის პროცესი: 2004-2008 წლებში მის ბაზაზე მომზადდა 32 უმცროსი ექიმი, 2013-2016 წლებში – 28 რეზიდენტი, ამჟამად ცენტრში დერმატო-ვენეროლოგიის სარეზიდენტურო პროგრამას გადის 19 რეზიდენტი და სპეციალობის მაძიებელი, ხოლო დოქტორანტურას – ექვსი დოქტორანტი.
კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნულ ცენტრში ამჟამად მოღვაწეობს 8 პროფესორი და 12 მედიცინის დოქტორი.
2015 წელს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების ინიციატივით გამოიცა წიგნი “დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის ატლასი”, რომელიც ბოლო 50 წლის მანძილზე ერთადერთი სასწავლო სახელმძღვანელოა სტუდენტებისთვის. 2017 წელს გამოიცა ამ სახელმძღვანელოს მეორე გამოცემა.
ცენტრი მუშაობს შემდეგი მიმართულებით:
- დერმატოლოგიური – კანის ალერგიული, ინფექციური (ჩირქოვანი, სოკოვანი, ვირუსული და სხვ.), პარაზიტული დაავადებების, კოლაგენოზების, რეტიკულოზების, აუტოიმუნური, გენეტიკური დაავადებების, აგრეთვე კანის დანამატების (თმა, ფრჩხილი და სხვ.) პათოლოგიების დიაგნოსტირება და მკურნალობა ბავშვთა და მოზრდილთა ასაკის პაციენტებში.
- დერმატო-კოსმეტოლოგიური –კანის, თმების, ფრჩხილების დაავადების მკურნალობასთან ერთად ტარდება შემდეგი დერმატო-კოსმეტოლოგიური პროცედურები: მეჭეჭებისა და პაპილომების, ქსანთელაზმების და კონტაგიოზური მოლუსკების მოცილება, გაფართოებული სისხლძარღვების გაუფერულება, კანის გამაახალგაზრდავებელი მანიპულაციები: ქიმიური პილინგი, მეზოთერაპია, ბოტოქსის ინექციები, სახის ფორმის მოდელირება და ნაოჭების გასწორება შემავსებლებით, ტუჩების კორექცია, ასევე წარმოებს ასაკობრივი ფერისმჭამელას მკურნალობა მხოლოდ ჩვენთან აპრობირებული მეთოდით. დეპარტამენტი აღჭურვილია კანის მოვლისა და გაახალგაზრდავების უახლესი თანამედროვე აპარატურით.
- სქესობრივი გზით გადამდებ (სგგ) დაავადებათა – სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (სიფილისი, გონორეა, ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი, უროგენიტალური კანდიდოზი, ურეაპლაზმოზი, მიკოპლაზმოზი და სხვ.) დიაგნოსტირება და მკურნალობა.
- ვირუსული ინფექციების – ისეთი პრობლემები, როგორიცაა ადამიანის პაპილომავირუსი, მარტივი ჰერპესის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი და სხვ. პრობლემა აწუხებს მოსახლეობის 45-50%-ს და იწვევს ისეთ გართულებებს, როგორიცაა მყარი ნევროლოგიური დარღვევები, ავთვისებიანი სიმსივნე, უშვილობა.
- სექსოლოგის კვალიფიციური დახმარება სექსუალური დისფუნქციების შემთხვევებში.
- ანდროლოგიური – მამაკაცთა უშვილობის, ერექციული დისფუნქციის, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა და პროსტატიტების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ანდროლოგიური დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით.
- კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკის –კანის და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (სგგდ) კლინიკური და ბიოქიმიური გამოკვლევები უახლესი აპარატურით. სგგ დაავადებების დიაგნოსტირება წარმოებს სპეციფიკური დიაგნოსტიკუმებითა და აპარატურით, მათ შორის პოლიმერაზულ-ჯაჭვური მეთოდით. ასევე სპეციფიკური ბაქტერიოლოგიური ანალიზატორის საშუალებით ხდება სტრეპტო-სტაფილოკოკების, გონოკოკის, ტრიქომონას, ურეაპლაზმისა და სხვა მიკრობების იდენტიფიკაცია.
- განყოფილება “ჯანმრთელობის კაბინეტი” – ემსახურება მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფებს (კომერციული სექს-მუშაკი ქალები, მამაკაცები, ვისაც სექსი აქვს მამაკაცთან). ამ ჯგუფში წარმოებს სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე უფასო კვლევა და მკურნალობა. მუშაობის პრინციპებია: რეგისტრაციის ანონიმურობა, პაციენტთა სრული კონფიდენციალობის უზრუნველყოფა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დიაგნოსტიკა და მათი მართვა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და ევროპული გაიდლაინების სრული დაცვით, ფსიქოლოგიური პრე- და პოსტანალიზური კონსულტირება, რომელსაც ატარებს ფსიქოლოგ-კონსულტანტი.
- ფოტო და სხივური თერაპია – ამ მეთოდით მკურნალობისათვის გამოიყენება თანამედროვე აპარატურა, რომელიც შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს. ფოტოთერაპიული მეთოდი დღეისათვის ყველაზე ეფექტური მეთოდია ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ფსორიაზი, პარაფსორიაზი, ვიტილიგო, ნეიროდერმიტი, სებორეული დერმატიტი, ფუნგოიდური მიკოზი, სკლეროდერმია, ვარდისფერი პიტირიაზი, ალოპეცია, აკნე და სხვა. ფოტოთერაპიით მკურნალობის შედეგად მიიღწევა პაციენტების 90-96%-ის კლინიკური გამოჯანმრთელება. დამტკიცებულია ამ მეთოდის უსაფრთხოება და მაღალი ეფექტურობა.
- პოდოლოგიურ კაბინეტში თანამედროვე აპარატურით ხდება დისტროფიული და სოკოთი დაავადებული ფრჩხილის, ჰიპერკერატოზული კანისა და ნაპრალების დამუშავება, ჩაბრუნებული ფრჩხილის და კოჟიჟის მკურნალობა, ლაზეროთერაპია.
- თმის კვლევის კაბინეტში თანამედროვე აპარატურით ხდება თმის ცვენის პრობლემების დიაგნოსტირება და მკურნალობა.
- ცენტრში ფუნქციონირებს აფთიაქი, რომელიც ამზადებს კანისა და სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა სამკურნალო ადგილობრივი მოხმარების მედიკამენტებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრი თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან – ჯანმო, წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია, ექიმები საზღვრებს გარეშე, ჯანდაცვის საერთაშორისო ქსელები და სხვა, რაც საქართველოში კანის და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ავადობის შემცირებას და მოსახლეობის გაჯანსაღებას ემსახურება.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრს მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები:
2014 წელი – რეპუტაცია და ნდობა.
2015 წელი – დარგის ლიდერი.
2017 წელი – მედიცინის სიამაყე.